სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საპროფილაქტიკო ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თქვენ იცით, რომ გაიცა მთელი რიგი რეკომენდაციები, რაშიც დედაქალაქის მერიაც არის ჩართული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სხვადასხვა უწყებასთან ერთად, გვაქვს კონკრეტული დავალებები, რასაც ზედმიწევნით ვასრულებთ. ყოველ საღამოს, როდესაც სრულდება სამუშაო საათები, ავტობუსები ირეცხება და მუშავდება შესაბამისი ხსნარით. ასევე, დილით, ვიდრე გავლენ სამუშაოდ, ნახევარი საათით ადრე ხდება ავტობუსების დამუშავება. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ყველა მეტროსადგურში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მუნიციპალურ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, რომლებიც მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ.

”კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, როგორც ავტობუსების, ისე მეტროსადგურების, საბაგიროების, საბავშვო ბაღების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორს, ვინც გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, თავის სამუშაო გარემოში შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დამუშავება სისტემატურად ხდება, სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის ტრანსპორტს: მუნიციპალურ ავტობუსებს, მეტროსადგურებსა და მოძრავი შემადგენლობების ვაგონებს, ასევე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურებსა და გონდოლებს დამატებითი დეზინფექცია უტარდება. შესაბამისი ღონისძიებები მიკრობაკფორტეს, ლიზოფორმინის, სტერისეპტფორტეს, ბაქტიციდისა და მიროდეზ ბაზიკის სადეზინფექციო საშუალებებით სრულდება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შექმნილია 50-კაციანი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით არის აღჭურვილი.

მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა, რომლის ფარგლებშიც, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და ასევე, თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს უკვე ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, 16 მარტის ჩათვლით, არდადეგებია გამოცხადებული.

თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.