თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

30 აპრილი 2013

ბოლო დღეებში, საინფორმაციო საშუალებებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით სარგებლობის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ საბარათე სისტემის დანერგვა განხორციელდა ორი სხვადასხვა ტენდერის შედეგად დადებული კონტრაქტების საფუძველზე, კერძოდ:
• შპს „თბილისის მეტროპოლიტენის" (ამჟამად შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია") მიერ 2006 წლის 13 თებერვალს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად, გამოცხადებული ღია ტენდერის შედეგად 2006 წლის 30 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება #1600/30/028.
• შპს „თბილისის ავტობუსის" მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად, გამოცხადებული ღია ტენდერის შედეგად 2008 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება #4007/30-001. 2009 წლის 1 ივლისიდან, შპს „თბილისის ავტობუსის" კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება (ავტობუსების ჩათვლით) გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „თბილისის ავტობუსის" უფლება-მოვალეობებიც გადაეცა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას".
ზემოაღნიშნული ორი კონტრაქტის ფარგლებში, რომელთა მოქმედების ვადაა ათი წელი, გამარჯვებული კომპანიის - სს საქართველოს ბანკის მხრიდან, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა 10 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია როგორც მეტროპოლიტენში, ასევე მუნიციპალური ავტობუსებში, მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობაში (ავტობუსებისთვის სალარო აპარატების შეძენა/მონტაჟი, მეტროს ტურნიკეტების შიდა ტექნიკურ-აპარატურული ნაწილის (მართვის კონტროლერების) შეძენა/მონტაჟი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, პლასტიკური ბარათების ემისია და ა.შ), რამაც საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა ისარგებლონ საფასურის გადახდის უნივერსალური და მოხერხებული საშუალებით - „მეტრომანის ბარათით" როგორც მეტროპოლიტენში, ასევე მუნიციპალურ ავტობუსებში.
რაც შეეხება კომპანიების ნოვა ტექნოლოჯის, მგგს საქართველოს და თიბისი ფეის გამოთქმულ პრეტენზიებს სწრაფი გადახდების მომსახურების ბიზნესში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამ საკითხს საერთო არაფერი აქვს არც მეტრომანის პლასტიკურ ბარათთან და მითუმეტეს არც ჩვენს კომპანიასთან. აქედან გამომდინარე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნუ მოახდენენ უსაფუძვლო, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და თავი შეიკავონ კერძო ბიზნეს-დავაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ჩართვის მცდელობისაგან.