დავით ნარმანია ახალი ავტოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნო

10 იანვარი 2017

თბილისს 2017 წელს ახალი, უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ავტობაზა ექნება, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ავტობუსების გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას. 
ავტობაზაზე მიმდინარე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მოინახულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა. თბილისის მერი ადგილზე გაეცნო უკვე შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული ავტობაზის მნიშვნელობას ქალაქის სატრანსპორტო იმფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისთვის და განვითარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილიის მერიის მხარდაჭერით 2016 წელს დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - ახალი ავტოპარკის მშენებლობა, პროექტის მიხედვით ავტობაზაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“. ახალი ავტობაზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.