დღეს თბილისის მეტროს 51 წელი შეუსრულდა

11 იანვარი 2017

დღეს, 11 იანვარს, 51 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მეტრომ პირველი მგზავრები მიიღო.  დღესდღეობით მეტრო ერთ-ერთი ყველაზე მობილური, სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყოველდღიურად მას საშუალოდ 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ყველაფერი კი დიდი ხნის წინ დაიწყო, თბილისში მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, თბილისის მთავარ არქიტექტორს ზაქარია ქურდიანს სჯეროდა, რომ ამის განხორციელება რეალურად იყო შესაძლებელი. თუმცა ამ იდეამ გრძელი და რთული გზა განვლო განხორციელებამდე.  1940 წელს თბილისში რამდენიმე ადგილას გარკვეული სიდიდის მოედნებზე მიწის ბურღვა და საინჟინრო საქმიანობა დაიწყეს, თბილისში მალე გავრცელდა ჭორი, რომ მეტროპოლიტენის მშენებლობა იწყებოდა.

ეს შესანიშნავი წამოწყება 1941 წელს დაწყებული ომის გამო შეჩერდა. ომის შემდგომ პერიოდში მეტროპოლიტენის შენების საკითხი სადაო გახდა, რადგან ომის მიერ მიყენებული ზარალის ფონზე საქართველოს შესაძლოა აღარ ჰქონოდა შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობები. ამას გარდა არსებობს ე.წ დაუწერელი კანონი - მეტროპოლიტენის მშენებლობაზე პრეტენზიას აცხადებს ისეთი ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მილიონ ადამიანს მაინც შეადგენს. იმ დროისთვის თბილისის მოსახლეობის რაოდენობა ჯერ კიდევ შორს იყო მილიონისაგან. თუმცა ქალაქის ხელისუფლების მონდომებისა და შრომის მეშვეობით 1951 წლის 25 აგვისტოს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების შესახებ. მშენებლობის უფროსად გიორგი ნასიძე დაინიშნა, ხოლო მის პირველ მოადგილედ  - ვიქტორ გოცირიძე.

პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1952 წელს მარჯანიშვილის მოედანთან დაიწყეს. აღნიშნული პროცესი თავისთავად ცხადია უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა 1965 წლის 28 დეკემბერს სამუშაოები წარმატებულად დასრულდა და გახსნის დღეც დადგა 1966 წლის 10 იანვარი, 17:00სთ-ზე  მეტროპოლიტენის პირველი რიგის გაშვებისადმის მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, ხოლო 11 იანვრის 00:06 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენმა მგზავრების მიღება დაიწყო.

ეს მოვლენა ქართველი ხალხისთვის ჭეშმარიტი ზეიმი იყო, ადამიანები გაოცებულები დგებოდნენ ექსკალატორებზე, გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდნენ სადგურებს, მათ უხაროდათ და ხედავდნენ თუ რაოდენ სასიკეთო იყო ეს სიახლე მათი ქალაქისათვის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ლექსებს წერდნენ გამოჩენილი პოეტები: იოსებ ნონეშვილი, პეტრე გრუზინსკი, თეიმურაზ ჯანგულაშვილი. აღტაცებას გამოხატავდნენ საზოგადო მოღვაწეები. მეტრო, ეს იყო ქალაქის ბრწყინვალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მან დიდი როლი შეასრულა თბილისის განვითარებაში, ვინაიდან გახსნის დღიდან გახდა ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი რგოლი.

 1966 წლიდან 1989 წლამდე თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურა მოიცავდა 21 სადგურს და ორ ხაზს. 90-იან წლებში კი მეტრო წარმოადგენდა ერთადერთ სატრანსპორტო საშუალებას ქალაქში, რომელიც შეუფერხებლად ემსახურებოდა მგზავრებს და ყოველდღიურად 700-800 ათასი მგზავრი გადაყავდა. 2000 წლიდან გაგრძლედა მეტროს ქსელის გაფართოება და გაიხსნა ახალი სადგური ვაჟა-ფშაველა, შემდგომ წლებში აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც გრძლედება მეტროში თანამედროვე უსაფრთხო სისტემების დანერგვა (ახალი ვაგონები, სადისპეტჩერო სისტემის სრული მოდერნიზაცია, სადგურების კაპიტალური რემონტი, ენერგო-უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ..). 2017 წელი კი იქნება კიდევ ერთი ისტორიული წელი მეტროსთვის ვინაიდან ამ წელს  ახალი მეტროს სადგური - სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნება.

 

 

წყარო: გვენეტაძე, რ. და ნანიკაშვილი, ლ. (2001) “თბილმეტრომშენი“ 50 წლისაა, თბილისი, გამომცემლობა „მემატიანე“