გამწვანების აქცია ახალი ავტობაზის ტერიტორიაზე

21 აპრილი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ახალ მშენებარე ავტობაზაზე,  საგაზაფხულო რგვების ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა, კერძოდ ავტობაზის ტერიტორიაზე 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო, 2 მეტრია. ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა. 

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტობაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.