ახალი ავტობაზის გახსნა

17 ივლისი 2017

თბილისში უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა გაიხსნა, რომელიც 377 ავტობუსს მოემსახურება. იგი ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას. ავტობაზის მშენებლობა 70-იანი წლების შემდეგ განხორციელებული პირველი მასშტაბური სამშენებლო პროექტია მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში. ახალი ავტობაზის მშენებლობის პროექტი სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (IBRD) მხარდაჭერით განახორციელა. ავტობაზაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, დიზელ და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა აღჭურვილია ყველა თანამედროვე სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც MAN-ის, ასევე ბოგდანის ტიპის ავტობუსების მომსახურეობას. ავტობაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა იტალიური კომპანია SAFE-ს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის 8 სვეტიანი გაზგასამართი სადგური სამი კომპრესორით, სადაც ახალი MAN-ის ავტობუსების დატუმბვა 4 წუთში (240კბ.მ) იქნება შესაძლებელი. გაზგასამართი სადგურის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით სატრანსპორტო კომპანიამ ცენტრალური გაზსადენი მაგისტრალიდან გამოიყვანა 7.5 კმ.-იანი გაზსადენი მილი. ასევე ავტობაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა გერმანული ფირმის WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომელიც წყლის გაფილტვრისა და რეცირკულაციის საშუალებით 70%-მდე ამცირებს მოხმარებული წყლის რაოდენობას. ახალი 12 მეტრიანი ავტობუსები ირეცხება 5-7 წთ-ის განმავლობაში. დანადგარი არის ავტომატური და იმართება დისტანციურად. ავტობაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე თბილისის მერმა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდს (E5P), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს თეა მელიქაძეს, სამშენებლო კომპანია „დაგს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნუგზარ ჭეიშვილს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ და კომპანიას “ Man Truck and Bus”. ახალი მუნიციპალური ავტობაზის გახსნას დღეს საქართველოს მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე MAN Truck and Bus AG-ის და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი ავტობაზა 143 ბუნებრივ აირზე მომუშავე MAN-ის ავტობუსს მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე დაემატება უახლოესი დღეების განმავლობაში, რაც დამატებითი კომფორტი იქნება თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. #თბილისი2017 #ახალიავტობაზა #ახალიავტობუსები #გაკეთდათბილისისთვის