ახალი ფორმის და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონები თბილისის მეტროში

11 სექტემბერი 2017

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით აგრძელებს მეტროს ვაგონების მოდერნიზებას.

2017 წელს კომპანია მგზავრებს სთავაზობს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს, რომელთა განახლება მოხდა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე  შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. 

სატრანსპორტო კომპანიის ელ. დეპო „გლდანისა“ და ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანის ტერიტორიაზე ახალი ვაგონები დაათვალიერეს ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს მოემსახურება 8  განსხვავებული ფორმისა და დიზაინის სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი,  საიდანაც 4 უკვე მზად არის და გადაეცა სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში, კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი ჩაუტარა 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.