განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი“

22 სექტემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აგრძელებს მეტროს სადგურების კაპიტალურ შეკეთებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აგვისტოს ბოლოს დასრულდა სადგურ „ახმეტელის თეატრის“ სრული რეაბილიტაცია, 22 სექტემბრიდან კი მგზავრებს განახლებული „ვარკეთილის“ სადგური მოემსახურება. „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო, განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, დამონტაჟდა მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.  სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ყვარელრემმშენი“.

განახლებული სადგური დაათვალიერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და  სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა დირექტორატის სხვა წევრებთან ერთად.

მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება და სრული რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ინტერიერის განახლებას და გარემონტებას, მგზავრობას უფრო მეტად  უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.

მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, დასრულდა „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები, მიმდინარეობს  „სამგორის“ და „ავლაბრის“ სადგურების სარემონტო და აღდგენითი  სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება „გურამიშვილის“ სრული  რეაბილიტაცია.