მეტროსადგური - „სახლმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა

16 ოქტომბერი 2017

თბილისის მეტროს ახალი 23-ე სადგური შეემატა. 2017 წლის 16 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი   მეტროს სადგური „სახლმწიფო უნივერსიტეტი“. სადგური საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილომა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრებისთვის დამზადდა განსხვავებული დიზაინის სამგზავრო ბარათები

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზის გაგრძელება უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო, 1993 წელს მშენებლობა შეჩერდა და კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. 2000 წელს ნაწილობრივ გაიხსნა „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განაახლა დაკონსერვებული ინფრასტრუქტურა და დაასრულა მეტროსადგურის მშენებლობა. ესპანურმა კომპანია - Euroestudios-მა მოამზადა სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო ნაწილის დეტალური პროექტი, რომლის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული სატრანსპორტო კომპანიის სხვადასხვა შიდა სტრუქტურული  სამსახურები და სპეციალისტები. პროექტმა გაიარა შესაბამისი ექსპერტიზა და 2015 წელს გამოცხადდა საერთაშორის ტენდერი სადგურის მშენებლობაზე, რომელშიც გაიმარჯვა ესპანურმა კომპანიამ - „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნია). პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟდა ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები,  სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

პროექტის ღირებულება 83,000,670.45 ლარს შეადგენს და მის ფარგლებში აშენდა, როგორც სადგურ „სახლმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსი, ასევე  „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც, რაც სატრანსპორტო კომპანიას შესაძლებლობას აძლევს მგზავრებს სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს და შეამციროს ინტერვალი აღნიშნულ მონაკვეთზე. 

დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას. განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში.