ახალი დიზაინის ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა

23 ოქტომბერი 2017

თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემატა ორი მოდერნიზებული ოთხვაგონიანი შემადგენლობა, რომელსაც სრულიად ახალი ფორმა და დიზაინი აქვს. ორივე განახლებული შემადგენლობა მეტროს პირველ ხაზზე დღეიდან იმოძრავებს.

მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მსგავსი ტიპის მოდერნიზაცია ჩაუტარდა  8 ვაგონს, კაპიტალური რემონტი - 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.