მეტროსადგურ “სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები

07 დეკემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით აგრძელებს მეტროს ინფრასტრუქტურის განახლებას, რომლის ფარგლებშიც ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე მეტროს სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის სადგურ „სამგორში“, რომლის კაპიტალური შეკეთება და რეკონსტრუქცია 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

  • სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მეტროსადგურ „სამგორს“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
  •   დამუშავდება სადგურის ჭერი და მთლიანად დაიფარება ცეცხლგამძლე თაბაშირმუყაოს ფილებით;
  •   სადგურის ვესტიბულებსა და ბაქანზე სრულად შეიცვლება მოძველებული ელექტრო გაყვანილობა, კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციისა და კამერების სისტემები, დამონტაჟდება თანამედროვე ლედ სანათები;
  •   სადგურის თავზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის დამცავი  ფენა ჰიდროიზოლაციით;
  •   სადგურის ვესტიბიულებში გამოიცვლება ძველი, გაბზარული ქვის ფილები და მოპრიალდება მარმარილოს საფარი კედლებსა და გრანიტის იატაკზე;
  •   სრულად გარემონტდება სადგურის სამომსახურეო ოთახები და დერეფნები, გაკეთდება თანამედროვე დიზაინის მორიგის საკონტროლო ჯიხურები, შეიცვლება მოაჯირები და კარები. დამონტაჟდება ახალი ტურნიკეტები;
  •   მთლიანად განახლდება სადგურის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა;
  •   მგზავრთა უსაფრთხოების ზოლი ლითონის გოფრირებული ფილით შეიცვლება. ასევე მოეწყობა უსინათლოთათვის სპეციალური ბილიკები მთელს სადგურზე.

ხელშეკრულების მიხედვით „სამგორის“ რეაბილიტაცია 2018 წლის მარტში დასრულდება.