პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

05 ივნისი 2018

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენის, ჯარიმების შემოწმებისა და გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

• კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;
• ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;
• ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი.
ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე, ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით და სწრაფი გადახდის აპარატებში.