სატრანსპორტო კომპანიის მენეჯმენტში თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა დაინერგება

02 ივლისი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწყებს გენდერული, ანუ თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვას, რაც გულისხმობს კომპანიაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მუშაობა ხელსაყრელი და მისაწვდომი იქნება, როგორც მამაკაცების, ასევე, ქალებისათვის. ამით გვსურს, მოწინავეები გავხდეთ და პირველებმა დავნერგოთ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობები სატრანსპორტო სფეროში, რომელიც, ტრადიციულად, მამაკაცებით დომინირებულ სფეროდაა მიჩნეული.
ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სხვადასხვა ნიშნით, ხოლო ამ განსხვავებულობის გააზრებას, აღიარებასა და ეფექტურ წარმართვას შედეგად მოაქვს ფართო თანამონაწილეობა, ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე, რომელიც კეთილდღეობის მომტანი იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
პროექტის ფარგლებში:

  • გადაისინჯება კომპანიის შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რათა კომპანიაში დასაქმება მიმზიდველი იყოს როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის;
  • შეიქმნება საპილოტე ტექნიკური სკოლა, სადაც გადამზადდებიან მძღოლობის მსურველი ქალბატონები, კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
  • შემუშავდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა თანამშრომლებისთვის;
  • დაინერგება ახალი რეგულაციები, მათ შორის, შიდა საჩივრების მექანიზმის მოდელი, მოწესრიგდება სამუშაო გრაფიკთან და სხვა პირობებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

აღნიშნულ პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო ჩართულობით, უცხოელი და ქართველი კონსულტანტებით დაკომპლექტებული ჯგუფი უძღვება. ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია: არსებული პრაქტიკა და პოლიტიკა გადაისინჯა, მომზადდა რეკომენდაციები, განხორციელების გეგმები, საკომუნიკაციო კამპანია, მომზადდა შესაბამისი სლოგანი, დაიწყო თანამშრომელთა ინფორმირება და ა.შ.
თანაბარი შესაძლებლობის პოლიტიკის დანერგვა ხორციელდება „თბილისის ავტობუსების პროექტის" ფარგლებში, რომელიც საქალაქო ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას ისახავდა მიზნად და რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიამ ქალაქისთვის 143 ახალი, ენერგოეფექტური ავტობუსი შეიძინა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ფინანსდება.