ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები ქალებისთვის

12 სექტემბერი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

კურსები ჩატარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები:

  • შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
  • გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
  • მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა)
  •  ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას

სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე

სასწავლო კურსის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის ოქტომბერი

მეცადინეობები ჩატარდება მოქნილი გრაფიკით - მონაწილეთათვის სასურველ დროს, სხვადასხვა ჯგუფებში.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • შეუსრულდა 24 წელი
  • აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.)
  • მზადაა სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში
  • მზადაა დაესწროს კურსს მთლიანად და ბოლოს ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა
  • მზადაა დასაქმდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, კომპანიის მხრიდან შეთავაზების მიღებისთანავე

კანდიდატთა შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების ხანგრძლივობას.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV/რეზიუმე და მოკლე განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება, თუ რატომ სურთ კურსში მონაწილეობის მიღება და რომ მზად არიან სრულად გაიარონ კურსი და დასაქმდნენ.

CV/რეზიუმე და მოკლე განაცხადი უნდა გაიგზავნოს მეილზე: echivadze@metro.ge და lmkheidze@metro.ge, სადაც სათაურში მითითებული იქნება „ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის“, ან შეგიძლიათ მოიტანოთ სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში: ვაგზლის მოედნის #2

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია აერთიანებს თბილისის ავტობუსებს, მეტროპოლიტენს, საბაგირო გზებსა და თბილისის პარკინგს. ამჟამად კომპანიაში 6,300 ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 1350 ავტობუსის მძღოლია.

ავტობუსის მძღოლები სარგებლობენ შემდეგი პირობებით:

  • აქვთ გარანტირებული ხელფასი და სტაბილური გადახდის განრიგი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • რეგულირებული სამუშაო საათები და ცვლები
  • დამატებითი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში.

გარდა ამისა, კომპანია ქალებს დამატებით პირობებსაც უქმნის:

  • ბონუსი „დედის დღეს“
  • შემცირებული სამუშაო საათები 10 წლამდე ასაკის შვილების დედებისთვის
  • დამატებითი ბონუსი ბავშვის შეძენის შემთხვევაში
  • თბილი და წამახალისებელი გარემო

თბილისის სატრანსპორტო კომპანია თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ცდილობს სამართლიანი სამუშაო პირობები შეუქმნას ყველა დასაქმებულ ადამიანს, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.