23 და 28 ოქტომბრიდან მგზავრებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

23 და 28 ოქტომბრიდან მგზავრებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.

დედაქალაქში N319 ავტობუსის ახალი მარშრუტი იმოძრავებს, რომელიც გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის დასახლების გავლით, მახათას მთის, ხუდადოვის ქუჩისა და სადგურის მოედნის მიმართულებით. უკუმიმართულებით კი, მარშრუტი სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით, N54 მარშრუტს დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი. გარდა ამისა, N403 მარშრუტზე დამატებით, სამი ერთეული მიკროავტობუსი იმოძრავებს, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

ახალი მიკროავტობუსი - N415 გადაადგილდება ევხიტი ჟვანიას ქ. N25-ს მიმდებარე ტერიტორიიდან, ქიზიყის, ე. ბაღდავაძის, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ვარკეთილისკენ“; ახალი მიკროავტობუსის წრიული მარშრუტი - N430 მოემსახურება სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას, კვირაცხოვლის, ასევე, მოციქულთა სწორი ნინოს, გ. ბრწყინვალესა და პ. სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს; ახალი მიკროავტობუსი - N434 მოემსახურება ნიაბის I შესახვევის, საინგილოს ქუჩის მოსახლეობას და დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“; ახალი, N438 მიკროავტობუსი სადგურ „ველს“ აფრიკის დასახლებასთან დააკავშირებს; მიკროავტობუსი N449 წრიულად, ი. ჭავჭავაძის გამზირის N83-დან ვაკის პარკამდე იმოძრავებს.

გარდა ამისა, ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს N450 მარშრუტზე. კერძოდ, მიკროავტობუსი ი. მაჩაბლის, ი. უჩანეიშვილის, წყნეთის გზატკეცილის, მ. თამარაშვილის, მ. დოლიძის ქუჩებისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ვაკის პარკამდე გადაადგილდება; N481 მიკროავტობუსი იმოძრავებს კიკეთიდან წყნეთის მიმართულებით, მაია წყნეთელის ძეგლამდე და გაივლის 9 ძმა ხერხეულიძის, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩებს, ასევე, ვალიკო ჯუღელის გზატკეცილს და დაუკავშირდება შოთა რუსთაველის ქუჩას; მიკროავტობუსი - N484 იმოძრავებს წყნეთში, არსენას და დ. ამილახვრის ქუჩებზე მაია წყნეთელის ძეგლის გავლით; ახალი, N485 მიკროავტობუსი იმოძრავებს წყნეთში, დ. აღმაშენებლის, დ. ამილახვრისა და საირმის ქუჩებზე.

23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება. N487-ის მარშრუტი წრიული იქნება და იმოძრავებს წყნეთში, ი. გრიშაშვილის, დ. აღმაშენებლის, მ. კოსტავას, მ. ჯავახიშვილის, ქ. წამებულის I შესახვევის და ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩების გავლით; მიკროავტობუსი N478 მოემსახურება გუჯარეთის I ქუჩის მცხოვრებლებს და მელაანის I შესახვევის გავლით, ჯორჯ ბუშის ქუჩას დაუკავშირდება.

რაც შეეხება ავტობუსების ახალ მარშრუტებს, 28 ოქტომბრიდან იმოძრავებს N330 ავტობუსი, რომელიც სადგურ „ველის“ ტერიტორიიდან ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ლ. რაზიკაშვილის და გ. ლორთქიფანიძის ქუჩებზე გადაადგილდება და მოძრაობას მეტროსადგურ „ისანთან“ დაასრულებს. უკუმიმართულებით, ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნიდან" ცაცა ამირეჯიბის ქუჩისა და ამავე ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე.

ამასთანავე, 28 ოქტომბრიდან N102 ავტობუსის მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.