აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, სასაფლაოებისკენ კი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.  

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“.

რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, იგი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.