მიღება ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელ კურსებზე

ავტობუსის ქალი მძღოლის მოსამზადებელი კურსი

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, აცხადებს მოწვევას ქალი ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსზე. აღნიშნულში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქალებს, ვისაც აქვს სურვილი დაეუფლოს ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის წესების, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების, ასევე - შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა თუ მგზავრებთან კომუნიკაციის საკითხებს. პრაქტიკული  სწავლების დროს კი მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვის და მანევრირების გაკვეთილებს. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან  პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებენ შესაბამის  სერთიფიკატს.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მძღოლის D კატეგორიის მართვის მოწმობისთვის დადგენილ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

საფასური:

კურსი უფასოა ყველა მსურველისთვის. ასევე, კურსის ფარგლებში, დაფინანსებული იქნება გამოცდაზე გასვლის ღირებულება.

კურსის დაწყების სავარაუდო თარიღი და ხანგრძლივობა:

კურსის დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 1 მაისი.

კურსის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 თვე.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • არის სულ მცირე 24 წლის;
  • აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვ.);
  • მზადაა ბოლომდე გაიაროს გადამზადების კურსი და ჩააბაროს მართვის მოწმობის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმდეს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა 20 მარტამდე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV / რეზიუმე
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • მართვის მოწმობის ასლი

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე:

[email protected][email protected][email protected]

სათაურში მითითებული უნდა იყოს „ქალი ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი“.

შერჩევის პროცესი:

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილით ქალაქში მართვის შემოწმებას, რის შემდეგაც ავტობუსის მძღოლის მოკლევადიან მოსამზადებელ კურსში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 ქალი.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ თანაბარ სამუშაო პირობებს უქმნის ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა. ქალი მძღოლების გადამზადების პროგრამაც სწორედ კომპანიის გენდერული პოლიტიკის ნაწილია, რაც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ტრადიციულად კაცების სფეროდ მიჩნეულ სექტორში.