წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ.

რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც. კერძოდ, N345 და N351 წყნეთის გზატკეცილზე მოძრაობას დაასრულებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ავტობუსები: N307, N354 და N359 ჭავჭავაძის გამზირიდან (ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან) გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირზე, იმოძრავებენ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით გადავლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან, N354 ავტობუსი კი მოძრაობას წყნეთის მიმართულებით გააგრძელებს.

აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით იმავე მარშრუტით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გამოყენებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება N334-ის მარშრუტს, ავტობუსი მეტროსადგურ „დელისიდან“ დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირს, უნივერსიტეტის ქუჩას, შემდეგ კი ბაგების ახალი ხიდით წყნეთის გზატკეცილზე გადაინაცვლებს, საიდანაც იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, ავტობუსი იმოძრავებს ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენებით, რის შემდეგაც თამარაშვილის გამზირიდან დაუკავშირდება მეტროსადგურ „დელისს“.

გარდა ამისა, დაინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებითი მარშრუტი, რომელიც მგზავრებს, შეზღუდვის პერიოდში, მეტროსადგურ „დელისიდან“ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე მოემსახურება.