ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“.

პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა.

ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს.

ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნასთან დაკავშირებული პროექტის მიზანია, მგზავრებმა მუნიციპალურ ტრანსპორტში დაიცვან, როგორც საკუთარი, ისე სხვისი უსაფრთხოება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

პროექტის წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. მსგავსი შეტყობინების დატოვება მგზავრებს კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 44 44 შეეძლებათ.

მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება პროექტის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ხარვეზების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს.