თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა მომსახურებისთვის სრულ მზადყოფნაშია
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრაძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ.
ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.