საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24 მარშრუტს ავტობუსები ეტაპობრივად დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება
დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24 მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N3014-ზე მოძრაობდნენ.
პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე.
N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.
გარდა ამისა, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა.
წლის ბოლომდე ქალაქში დამატებით 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, მანამდე არსებული რესურსი იმ მიმართულებებზე გადანაწილდეს, სადაც დღის განმავლობაში, დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.