საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.
აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ. აპლიკაციის ახალი ვერსია მოქალაქეებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი.
განახლებული დიზაინისა და ფუნქციონალის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქალაქის მასშტაბით გადაადგილების დაგეგმვა მგზავრობის დაწყებისა და დასრულების ადგილების მიხედვით. ვებგვერდზე, ასევე, მოცემულია გრაფიკების, მარშრუტებისა და გაჩერებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაციის მიღებასა და აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე: http://ttc.com.ge/ka/mobile-application.