„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა
„თბილისის მეტროს პროექტის” ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ანდრია ბასილაიამ საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს მხარდაჭესისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას, მერის მოადგილესთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები დაესწრნენ.
„ღონისძიებაზე ვისაუბრეთ თუ რა პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიმართულებებზე კეთდება აქცენტი და რა გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც ავტობუსების, ისე მეტროს განვითარების ღონისძიებებზე. დედაქალაქის მერიის, ცენტრალური მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სატრანსპორტო ქსელი და მომსახურების ხარისხი ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდება“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.
ფორუმზე ყურადღება გამახვილდა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს მგზავრთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან და მისი პოლიტიკის ფორმულირებასთან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის“ მეშვეობით ჩატარდა.
EBRD ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, დედაქალაქში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა“ მიმდინარეობს.