22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება
მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდა და მოძველებული ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდა.
22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილება ავტობუსების ახალი მარშრუტებით შეეძლება. გარდა ამისა, ქალაქში მოძრაობას დაიწყებს დამატებით, 180 ახალი მიკროავტობუსი.
რეფორმის შედეგად, ავტობუსი N61 გაუქმდა. მის მარშრუტს N345 ავტობუსი შეითავსებს, რომელიც მოძრაობას ქვემო ფონიჭალის დასახლებიდან (კორპუსი N19 მიმდებარედ) დაიწყებს და ბაგების დასახლებაში (წყნეთის გზატკეცილი, კორპუსი N2 მიმდებარედ) დაასრულებს. N345 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ევროპის მოედნის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაადგილდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
ახალი ავტობუსი - N32 ერთმანეთთან დააკავშირებს გლდანსა და დიდი დიღმის მიმართულებებს. აღნიშნული ავტობუსი ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII-VIII მიკრორაიონის დამაკავშირებული გზა) დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე იმოძრავებს. გლდანში ახალი საგზაო მოძრაობის გამო, N32 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან სარაჯიშვილის ქუჩის მიმართულებით, შეშელიძის ნაცვლად, ვასაძისა და ქერჩის ქუჩების დახმარებით გადაადგილდება.
ზღვის უბნიდან დიდუბემდე მგზავრებს ახალი, N94 ავტობუსი მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსი ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლიდან (N65 კორპუსის მიმდებარედ) თორნიკე ერისთავის ქუჩის N1-მდე (მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელი) იმოძრავებს.
22 თებერვლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ჯამში, 572 ავტობუსი მოემსახურება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N43, N46, N52, N70, N72, N79 და N121 საავტობუსე ხაზებზე. სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.