პირველი აგვისტოდან, გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი აგვისტოდან, გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი.
სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.
საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ბალანჩივაძეების, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:
1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა №24;
2. მერაბ ალექსიძის ქუჩა №1;
3. ბახტრიონის ქუჩა №13;
4. ბახტრიონის ქუჩა №30;
5. სულხან ცინცაძის ქუჩა №61;
6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა №10;
7. აბასთუმნის ქუჩა №1ა- ს მოპირდაპირედ;
8. სადგურის მოედანი (ნიკოლზ გოგოლის ქუჩა №32);
9. ალეკო გობრონიძის ქუჩა №2ა;
10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;
ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან შეეძლებათ.
ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.
შეგახსენებთ, რომ ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე გააჩნიათ უძრავი ქონება, უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკირებით მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
უფასო პარკირებისთვის, მოქალაქეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: tp.ge , სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღენიშნება მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს.
ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე, მოცემულია რუკა, სადაც ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ზონალური პარკირების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება, ხოლო პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. პარკირება ასევე, უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის.