მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ აზიის განვითარების ბანკის კორპორატიული მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის ვიცე პრეზიდენტმა დაათვალიერა

დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის კორპორატიული მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის ვიცე პრეზიდენტი, ბრიუს გოსტერი ეწვია . ვიზიტის ფარგლებში, მან თბილისის მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წელს, 23-ე მეტროსადგურის „სახელმწიფო უნივესიტეტის“ დაკონსერვებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა განაახლა. ახალი მეტროსადგური 2017 წელს გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, საერთო სიგრძით 3.5 კმ. არსებული გვირაბები აღდგა, დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან ოთხი ამოსასვლელი, ასევე, მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟდა ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

პროექტის ღირებულება 83 000 670.45 ლარს შეადგენდა. მის ფარგლებში აშენდა, როგორც სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსი, ასევე, „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც.

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტ ბრიუსს გოსტერთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა დავით ჯაიანმა დაათვალიერა.