N308 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები 2 მარტიდან იმოძრავებენ
MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით 2 მარტიდან ჩანაცვლდება.
N308 ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება მცირე ცვლილებით - ხიზანიშვილის ქუჩიდან (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) იმოძრავებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი ვასაძის ქუჩის, სარაჯიშვილის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, ერისთავის ქუჩის, წერეთლის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის მიმართულებით და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს.
მარშრუტში განხორციელებული ცვლილება გამომდინარეობს იქიდან, რომ თბილისის ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო.
რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, N308 უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს. კერძოდ, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას.
აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ასევე, 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზე.