მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და მონიტორინგის თანამშრომლებს შშმ პირების მომსახურების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისა და მონიტორინგის თანამშრომლებისთვის, შშმ პირების მომსახურების თავისებურებების შესახებ, ტრენინგი გაიმართა. კურსი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. მას ეტაპობრივად თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ყველა მძღოლი და მონიტორინგის თანამშრომელი გაივლის.
სწავლების ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს შშმ პირების საჭიროებებზე ინფორმაცია მიეწოდათ. ისაუბრეს რა ფაქტორები წარმოქმნის მათთვის ბარიერებს, გაეცნენ სწორ ტერმინოლოგიას, შშმ პირებისადმი მიმართვისა და კომუნიკაციის სპეციფიკას, ასევე, ხაზი გაესვა მათთვის ავტობუსის გაჩერების თავისებურებებსა და მნიშვნელობას.
აღნიშნული კურსი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების უშუალო ჩართულობით შემუშავდა.
ტრენინგს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი დაესწრო. შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ წარმართა