თბილისის ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაცია გაიმართა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება და პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდაა.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მეტი საავტობუსე ზოლის გაჩენა, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური თემაა. რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, მასში მცხოვრები ადამიანების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობისთვის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება შემცირებული იყო, რადგან მოძველებული საავტობუსე პარკი გვყავდა, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა.
ჩვენს პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალის გაზრდა. გვაქვს უბნები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, მოცდის დრო არის დიდი - 40-45 წუთი და ზოგჯერ ერთი საათიც კი. ხშირია საუბარი იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ავტობუსების დამატებაა საჭირო. არავინ ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატებით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. პირობითად, დღეს თუ ორი ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში, ავტობუსების დამატებით, საცობიც გაიზრდება. შესაბამისად, მოგვარების გზა ერთადერთია - გავაჩინოთ სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ქალაქი ყველასია და მუნიციპალიტეტმა არა მხოლოდ კერძო ავტომობილების მძღოლების, არამედ ქვეითების, ავტობუსით, ველოსიპედით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს.
„ეს ქალაქი არის ყველასი. მე მესმის კერძო ავტომობილების მძღოლების, თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებიც ქვეითად მოძრაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ელექტროსკუტერით თუ ველოსიპედებით გადაადგილდებიან. შესაბამისად, საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება უნდა მოხდეს. ჭავჭავაძის გამზირი არის უალტერნატივო და ყველა დიდმა და განვითარებულმა ქალაქმა პრობლემების მოსაგვარებლად, მსგავსი პროექტი განახორციელა. 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით, 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეს 600 ათასზე მეტი გადაადგილდება. ეს რიცხვი მზარდია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მინდა, რომ ეს რეფორმა დავიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ანალოგიურ პროექტებს სხვა ქუჩებზეც განვახორციელებთ. შეიძლება ყველა ქუჩა ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირი, მაგრამ ეტაპობრივად, ყველა პროექტში მსგავსი დამოკიდებულება გვექნება. გავაჩენთ საავტობუსე ზოლებს, რომ ეს წრე შეიკრას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რეფორმის დასრულების შემდეგ, თბილისში კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით მოსიარულეებს შესაბამისი სივრცე ექნება.
„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.
„ჭავჭავაძის გამზირის მაგალითი თვალსაჩინოა იმისა, თუ რა ხდებოდა ტროტუარებზე. ადამიანი ვერ გადაადგილდებოდა, რადგან ავტომობილები მოძრაობდნენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ ეტაპობრივად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება, პროექტები, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა განახორციელეს. ყველა დიდ, ევროპულ ქალაქში იგივე პრობლემა არსებობდა, რაც დღეს თბილისშია. მათ იგივე პროექტების განხორციელება, რაც თბილისში მიმდინარეობს, წლების წინ დაიწყეს, მაგრამ თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან, ქუჩებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ქუჩა ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა მორგებული იყოს ჩვენს ქალაქზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა დარგის სპეციალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ექსპერტებსა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფის წევრებს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„მინდა, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. ის, რაც დღეს კეთდება, ჩვენი ქალაქისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, გამონაბოლქვი ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოწესრიგდეს და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. ბოლო დღეებია ისმის შეკითხვები - სექტემბერი მოვა და მერე რა იქნება? პირდაპირ გეტყვით - იქნება ის, რაც წლების წინ სწავლის დაწყების დროს ხდებოდა, მაგრამ ერთი განსხვავებით - საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე და მოქალაქეები ტროტუარებზე გადაადგილდებიან. შესაბამისად, ეს მიმართულება, რაც ჩვენ ავიღეთ, თბილისს სჭირდება. იმედი მაქვს, თქვენი მხარდაჭერის. ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ იმას, რომ ეს ქალაქი ყველასთვის იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციაზე სატრანზიტო დერეფნების მოწყობის შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. კერძოდ, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ათი სატრანზიტო დერეფანი დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე მოეწყობა.
I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი; III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი; IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა; V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი; IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა; X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.
მერის მოადგილის განცხადებით, მთავარია, ძირითად ქუჩებზე, რომლებზეც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება, 10-15 წუთში ერთხელ, 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იარონ და ერთდროულად, 150 მგზავრი გადაიყვანონ.
„ძირითად დერეფნებზე, ე.წ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო კორიდორში, ძირითადად, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. 44 საქალაქო მთავარი დერეფნის მკვებავ ხაზზე, სადაც მოქალაქეებს გადასხდომა მოუწევთ, 8, 10 12-მეტრიანი ავტობუსები და ბუნებრივია, სამარშუტო ტაქსები იმოძრავებენ. იქნება 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის მკვებავი ლოკალური მონაკვეთები, რომლებიც მეტწილად მიკროავტობუსებს მოემსახურება. ეს არის ის დათვლები, რომლებიც გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შევიმუშავეთ ის გეგმა, რომელმაც ქალაქში გადაადგილება უნდა გააუმჯობესოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტში გათვალისწინებულია გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი ოპტიმალური დროც: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაკეთდა მოსახლეობისა და ე.წ. განაშენიანებული საძილე და სამუშაო რაიონების გათვალისწინებით. ზუსტად დაიგეგმა თუ რამდენი უნდა იყოს გზა ფეხით გასავლელი გზა გაჩერებამდე. ადამიანს არ უნდა დაეზაროს ავტობუსის გაჩერებამდე მისვლა. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, ამ ათ ძირითად დერეფანში რამდენი იქნება დაშორება ავტობუსის გაჩერებამდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება.
„მოქალაქეებს წლების განმავლობაში, არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელიწადში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება, შესაბამისად, ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, სადაც ქუჩა თანაბრად არის ყველასთვის გადანაწილებული, ტრანსპორტი ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ა.შ. რეფორმის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ, რაც ორმაგი რაოდენობაა. სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მერის მოადგილის განმარტებით, დაიფარება მთელი ქალაქი და ყველა უბანს, მათ შორის თბილისს შემოერთებულ სოფლებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა ექნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდება და საშუალოდ, 7-15 წუთი იქნება.
„ავტობუსები საკუთარ ზოლში ივლიან და მათი სიჩქარე პრაქტიკულად, გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ის გამონაბოლქვი, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს, იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა, რომელიც თბილისში დაინერგება, არის იმის პირველწყარო, რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ და ნაკადები ავტომატურად გაატარონ. ასევე, „ჭკვიან“ შუქნიშნებს შეეძლებათ, ავტომობილები გაატარონ, იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ კვანძზე ნორმაზე მაღალი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, ასევე, მნიშვნელოვანია ქუჩების დიზაინის გათვალისწინება.
„თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქაოტურად გადაადგილდება, რომლის გამომწვევი მიზეზი ძალიან მარტივია: ხაზები არის დუბლირებული. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კიკეთში შეიძლება ერთი ავტობუსი დადიოდეს, ან საერთოდ არ დადიოდეს, სამაგიეროდ, რუსთაველის გამზირზე ერთად დადის ექვსი სამარშრუტო ტაქსი, შვიდი ავტობუსი, ერთმანეთს ასწრებენ და მეტროც გადის. შესაბამისად, ის პრობლემები, რასაც დღეს ვაწყდებით, სწორედ დუბლირებული ხაზებით იყო გამოწვეული“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის ძირითად გამზირებსა და ქუჩებზე ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, რომელზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. გარდა ამისა, დამატებით, განისაზღვრება დასახლებული პუნქტიდან გაჩერებამდე მაქსიმალური დაშორების მანძილები: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.
თბილისის მერის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს და დადიანის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან ხიდით დააკავშირებს.
„ორი ძირითადი გეგმა გვაქვს - ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. წელს სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო. ესენია: ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირები. დახაზვების გეგმა პრაქტიკულად მთელ დერეფანშია გათვალისწინებული. ასევე, ზუსტად ვიცით, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოვა, რა ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რომ მათ გადაადგილებისთვის საფრთხე არ შეექმნათ. გვაქვს პროექტი, რომელიც სულ მალე განხორცილდება. საფინანსო ინსტიტუტების, აზიის განვითარების ბანკის იმედი გვაქვს, რომ პროექტირებაში დაგვეხმარებიან. ეს არის დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია. დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს, ასევე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, ექსპერტებსა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების პროცესებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გეგმა, რომელმაც ამ ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს, მყარია, კარგად დათვლილი და მომზადებული. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, რომელიც პირადად არის ჩართული პროცესებში. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ექსპერტს და დიდი მადლობა თქვენ, თბილისელებს. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჯანსაღი და კომფორტული ქალაქი გვქონდეს, სადაც გამონაბოლქვის და ხმაურის პრობლემა არ გვექნება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციას მერის მოადგილეები, დედაქალაქის მთავრობის წევრები, დარგის ექსპერტები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.