ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს
დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს. ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.
ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.