დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.
კახა კალაძის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას უკვე ზეგიდან მოემსახურება.
„შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის განახლებული, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს უკვე 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. დანარჩენი თებერვლამდე სრულად იქნება მოწოდებული. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე. ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება და სპეციალურად გამოყოფილია კონკრეტული ხაზები, სადაც ისინი იმოძრავებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუხერხებელია ავტობუსების გადაადგილება, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.
„პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები, გაბარიტებიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე ვერ გადაადგილდებიან, ამიტომ, მიკროავტობუსები იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც დიდ ავტობუსებს გადაადგილება უჭირთ. ასევე შემოვიდა ახალი მიკროავტობუსები და წლის ბოლომდე, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები იქნება ჩანაცვლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება და ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია მგზავრობა კომფორტული იყოს. მისივე თქმით, უკვე მოქმედებს გადახდის ინტეგრირებული პროგრამა, მომავალში კი აბონემენტების სისტემაც ამოქმედდება.
„ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, თუმცა, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისი, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ განახლებული, მოწესრიგებული ტრანსპორტით იმგზავრონ. ასევე მნიშვნელოვანია ის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. თუ ადამიანი ყიდულობს ბილეთს მაგალითად, მიკროავტობუსში, მას საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომა შეუძლია უფასოდ. ყველანაირი გადასახადის გარეშე, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს აბონემენტების სისტემის შემოღება, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქში მოქმედებს, სადაც სატრანსპორტო რეფორმა არის განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტრანსპორტის განახლების პარალელურად დედაქალაქში შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
„ყველაზე მთავარი - აუცილებელია, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მხარი ავუბათ ამ რეფორმას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გზებზე, სადაც ავტობუსს ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლება გადაადგილება. ეს არის ე.წ. საავტობუსე ზოლები, რაც ყველა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს იქნება გათვალისწინებული. ცხადია, ყველა ქუჩაზე ამის გაკეთება ვერ მოხერხდება, მათი ზომებიდან გამომდინარე, ამას კვლევები და გარკვეული გამოკითხვები ჭირდება, შესაბამისად, გადაწყვეტილებები დაეფუძნება სწორედ ამ კვლევების შედეგებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები. ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.
23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.